რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Financial Times: უკრაინა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებულ საბრძოლო მასალას იყენებს

Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთთან ომში უკრაინა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებულ საბრძოლო მასალას იყენებს

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ჭურვების მარკირებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი გასული საუკუნის 80-90-იან წლებში უნდა იყოს გამოშვებული. სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა უკრაინელებმა რუსებს წაართვეს.

ჩრდილოეთ კორეის ჭურვების იდენტიფიცირება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტის, სერგეი ნუჟნენკოს ფოტოებით გახდა შესაძლებელი, რომელიც მან 9 ივლისს ზაპოროჟიეს რეგიონში გადაიღო.

შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა, მათ შორის სავარაუდო ზღვით გადაზიდვაში, თუმცა ჩრდილოეთ კორეის იარაღი უკრაინის ბრძოლის ველზე ფართოდ არ შეიმჩნევა. ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი კი იარაღის გარიგებას უარყოფენ.


27 ივლისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში იზოლირებული ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა.

კიმ ჩენ ინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს დაათვალიერებინა სამხედრო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები და დრონები.

ჩრდილოეთ კორეის მედიის ცნობით, მხარეებმა დადეს პირობა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირებს გაზრდიან.

რუსეთისა და ჩინეთის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში გასულ კვირაში ჩავიდა, რათა დასწრებოდნენ კორეის ომის დასრულების 70 წლისთავის, როგორც ფხენიენში უწოდებენ - გამარჯვების დღის აღნიშვნას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოსკოვმა თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნა.

შეხვედრის დროს, ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის ცნობით, შოიგუმ კიმ ჩენ ინს ვლადიმირ პუტინისგან წერილი გადასცა, იზოლირებული ქვეყნის ლიდერმა კი რუსეთის პრეზიდენტს მადლობა შემოუთვალა სამხედრო დელეგაციის გაგზავნისთვის და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა ორ ქვეყანას შორის "სტრატეგიული და ტრადიციული" ურთიერთობა გააღრმავა.

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია KCNA-ს არ უხსენებია უკრაინის ომი, თუმცა აღნიშნეს, რომ ფხენიანი სრულად უჭერს მხარს რუსეთის "ბრძოლას სამართლიანობისთვის".

კიმ ჩენ ინი შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს, ლი ჰონგჟონგსაც, რომლისგანაც მან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის წერილი მიიღო, როგორც სამთავრობო მედიამ აღნიშნა.
 

კომენტარები