თურქეთი-რუსეთი

პუტინი ერდოღანის მიწვევას დათანხმდა და თურქეთში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ჩავა

Mikhail Svetlov/Getty Images

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისის ცნობით, 2 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც იმ ნაბიჯების გადადგმისგან თავშეკავების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებმაც მარცვლეულის შეთანხმებას შეიძლება რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას.

ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა, რომ პუტინი თურქეთში ჩავა, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თურქი მაღალჩინოსნის თქმით, ანკარასა და მოსკოვს შორის ვიზიტის აგვისტოს ბოლოს გამართვის შესახებ მიდის მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება 17 ივლისს მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდება. 

კომენტარები