საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ყალბი დოკუმენტებით და ცრუ მოწმეებით დაარეგისტრირა ნაკვეთები – 5 პირის მიმართ დევნა დაიწყო

საგამოძიებო სამსახური

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ხუთი პირის მიმართ, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა, საერთო ჯამში 2 528 020 ლარის ღირებულების 28 486 მ2 ფართობის 4 მიწის ნაკვეთი.

"ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით  2 507 736 ლარის ღირებულების, 32 483 კვ.მ. ფართობის 5 მიწის ნაკვეთის მოტყუებით რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად".- აღნიშნულია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დააყადაღეს

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

კომენტარები