რუსეთ-თურქეთი

პუტინი, შესაძლოა, თურქეთში ერდოღანთან შესახვედრად ჩავიდეს – თურქული მედია

Maxim Shipenkov/AFP via Getty Images

თურქული მედია წერს, რომ, სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აგვისტოს ბოლოს ესტუმრება. როგორც მედია წერს, შეხვედრის მთავარი მიზანი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე კონსესუსის მიღწევაა. 

ივლისში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სტამბოლში ვიზიტის დროს, ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინი აგვისტოში ეწვეოდა თურქეთს, რათა განეხილა მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინას რუსეთთან ომის პირობებშიც, შესაძლებლობას აძლევს, გააგრძელოს შავი ზღვის გავლით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი.

თუმცა შეთანხმება, რომელიც გაეროს და თურქეთის შუამავლობით იქნა გაფორმებული რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასულ თვეში დაირღვა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოვიდა.

თურქეთი, ერთი მხრივ, პუტინის უკრაინაში შეჭრას გმობს და თურქული წარმოების უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინული ძალებისათვის მიწოდებას განაგრძობს, თუმცა, მეორე მხრივ, ცდილობს დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნოს მოსკოვთან, რამდენადაც ის რუსეთის ენერგეტიკულ რესურსზე დიდწილადაა დამოკიდებული.

კომენტარები