სტიქია შოვში

მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში ფაქტიურად მთლიანად არის შემოწმებული ტერიტორია

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ეპიცენტრში ფაქტიურად მთლიანად არის ტერიტორია შემოწმებული და ხვალიდან მდინარის კალაპოტში უკვე მძიმე ტექნიკა შევა.

"ამ წუთებშიც მიმდინარეობს აქტიურად ძებნის ღონისძიება. თვითონ სტიქიის ეპიცენტრში ფაქტიურად ჩვენ მთლიანად გვაქვს უკვე ტერიტორია შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი, ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას. რომ არ დარჩეს კითხვა, რატომ აქამდე არა მძიმე ტექნიკის მდინარეში შეყვანა, არ მოგვეცა საშუალება ნიადაგის გამო, რამდენჯერაც ვცადეთ მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობით შეყვანა, იმდენჯერ ჩაიფლო. დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება იყოს ან ცხედარი, ან ფრაგმენტი, ან რაიმე ჩვენთვის საინტერესო. უკვე ნიადაგი მყარია და ხვალ დილიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურ [სამძებრო] სამუშაოებს. რაც შეეხება გარდაცვლილების საკითხს, იცით თქვენ რომ 26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი". - თქვა მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის დაკარგული კვლავ 7 ადამიანი რჩება.

"ჩვენ დაგვრჩა დნმ-ის პასუხები რამდენიმე ადამიანზე, რაზეც ვვარაუდობთ, რომ ამ დღეებში იქნება. ასევე, პროზექტურაში ორი ფრაგმენტია ადამიანის, რომლის იდენტიფიცირების პასუხსაც ველოდებით". - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ბოლო ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 ცხედარი. რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები