ჩაძირული ნავი

ატლანტის ოკეანეში მიგრანტების ნავი იპოვეს – სავარაუდოდ, დაღუპულია სულ მცირე 63 ადამიანი

კაბო-ვერდეს სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შემდეგ, სულ მცირე, 63 ადამიანი დაღუპულად მიიჩნევა. სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ნავზე 100 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 38 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

ამ ეტაპზე ნაპოვნია 7 ადამიანის ცხედარი. ესპანეთის მიგრაციის ადვოკატირების ჯგუფმა Walking Borders განაცხადა, რომ დიდმა თევზსაჭერმა ნავმა, სახელად პიროგი სენეგალის სანაპირო 10 ივლისს დატოვა. 

დასავლეთ აფრიკიდან ესპანეთამდე მარშრუტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიშია, თუმცა სენეგალიდან გაფუჭებული ხის ნავებით მიგრანტების რიცხვი გასული წლის განმავლობაში გაიზარდა. მიგრანტები ცდილობენ, ნავებით კანარის კუნძულებს მიაღწიონ. 

Walking Borders-ის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ესპანეთში ზღვით ჩასვლის მცდელობისას, სულ მცირე, 1 000 მიგრანტი დაიღუპა. ადამიანებს უმუშევრობა, პოლიტიკური არეულობა, შეიარაღებული ჯგუფების მიერ ძალადობა და კლიმატის ცვლილებები ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს. 

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროდან კანარის კუნძულებზე თითქმის 10 000 ადამიანმა მიაღწია. 

კომენტარები