რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის ორი აეროპორტი დრონებით თავდასხმის გამო მუშაობას დროებით წყვეტს

მოსკოვმა უკრაინული დრონების თავდასხმის გამო ორ მთავარ აეროპორტში მუშაობა დროებით შეწყვიტა

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა 20 აგვისტოს Telegram-ზე დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვა გაუმკლავდა ინციდენტს, რომელშიც მხოლოდ ერთი დრონი მონაწილეობდა. თუმცა მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში მუშაობა მაინც შეჩერდა.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, დრონი მოსკოვის სტუპინოს რაიონში ადგილობრივი დროით დილის 04:00-ზე გაანეიტრალეს. წინა დღეს სამხედროებმა თქვეს, რომ აღნიშნული დრონი დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე გაანადგურეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მოსკოვის აეროპორტმა დრონებით თავდასხმის გამო მუშაობა შეაჩერა. მანამდე, 11 აგვისტოს მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაიკეტა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მუშაობის შეჩერების მიზეზი, სავარაუდოდ, დრონია. პროპაგანდისტული მედია ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაკეტილია, წინასწარი მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატია". - უთხრა წყარომ კრემლის კონტროლირებულ მედიას.

აეროპორტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დროებითი შეზღუდვა მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მიიღეს.

გარდა ამისა, პროპაგანდისტული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო სივრცე დაკეტილია არა მხოლოდ ვნუკოვოს, არამედ კალუგის აეროპორტის თავზეც.

კომენტარები