რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინელების 42 დრონი, რუსეთის კალუგის ოლქში კი С-200-ის რაკეტა ჩამოაგდეს.
"ამ ღამეს აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა С-200-ის რაკეტით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე. რაკეტა დააფიქსირა და გაანადგურა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებმა კალუგის ოლქის ტერიტორიაზე". – ნათქვამი იყო რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაპშას თქმით, ჰსთ ადგილობრივი დროით 00:30-ზე ამოქმედდა მალოიაროსლავეცკისა და ჟუკოვსკის რაიონებში. მისი თქმით არავინ და არაფერი დაშავებულა.
ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ჰსთ-ს გააქტიურების კადრები. ვიდეოების გავრცელების შემდეგ მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.
ამის შემდეგ, დილის 5 საათზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინულმა დრონებმა ანექსირებულ ყირიმზე თავდასხმა სცადეს. მათი მტკიცებით, ჩამოაგდეს 42 დრონი და მათ სამიზნეებს ვერ მიაღწიეს.