საქართველო-რუსეთი

მედვედევი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაზე ისაუბრა.

მედვედევი ქართული ოცნების ხელისუფლებას პრაგმატულს უწოდებს.

"ხელმძღვანელების ამჟამინდელი თაობა და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში ხელისუფლებაშია, ყოველ შემთხვევაში, გამოირჩევა პრაგმატიზმით, შეუძლებელია ეს არ აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა მათთან ურთიერთობას ვავითარებთ, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში კვლავ ვიზის გარეშე შემოსვლის ნება მივეცით, სწორედ ამიტომ დაიწყო ფრენები". – თქვა მედვედევმა.

მედვედევი უკმაყოფილოა საქართველოს პრეზიდენტით, სალომე ზურაბიშვილით და მასზე "გაცოფებული, გიჟი" და "უცნაური ადამიანების" ხსენების შემდეგ ისაუბრა. მან გამოხატა სიხარული, რომ პრეზიდენტის როლი საქართველოში შემცირებულია.

"დიახ, არიან იქ გაცოფებულები და გიჟები, არიან უცნაური ადამიანები. აი, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, არ ვიცი, საერთოდ ქართულად ლაპარაკობს თუ არა, მაგრამ ის არის ფრანგი რაღაც იტალიური გადახრებით, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მადლობა ღმერთს, ასეთი პოლიტიკოსები იქ პირველ როლს არ ასრულებენ. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის როლი საქართველოში დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია". –  თქვა მედვედევმა.

ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

ამას გარდა, მედვედევმა, რომელიც გასულ დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით იმუქრებოდა, გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს მთავრობას "ეყოფა პრაგმატიზმი" და აღიარებს "რეალობას", ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტ რეჟიმებს.

"ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი, რომ რეალობა აღიაროს, მათ შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად არსებობა და დაამყაროს მათთან ურთიერთობა, რადგან ისტორიულად მაინც ახლო ხალხია". – თქვა ინტერვიუში მედვედევმა.

მისივე თქმით, ქართველთა უმრავლესობა კმაყოფილია ფაქტით, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტები ჩადიან და ფულს ხარჯავენ, ხოლო ვინც ამაზე "ემოციურად ფეთქდება", მისი აზრით, "პოლიტიზებული ფიგურაა" და ან "ფულს იმუშავებს" ან "კარიერას აკეთებს".

"თუ ქუჩაში საშუალო სტატისტიკურ საქართველოს მოქალაქეს გააჩერებთ და კითხავთ, სურს თუ არა საქართველოში რუსი ტურისტები იყვნენ, ფული შემოჰქონდეთ და ხარჯავდნენ - თუ ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანია, იტყვის კიო. თუ ეს პოლიტიზებული ფიგურაა, რომელიც ამაზე ასევე იმუშავებს ფულს, ან პოლიტიკურ კარიერას იქმნის, მაშინ, შესაძლებელია ემოციების აფეთქება". – თქვა მედვედევმა.

ინტერვიუ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავზე, 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. აქამდე, გასულ დღეს მედვედევი რუსეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტ ლიდერებს, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს შეხვდა.

კომენტარები