სეტყვა კახეთში

კახეთში დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს

National Wine Agency Georgia

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში დასეტყვილ ყურძენს საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია ჩაიბარებს.

"სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. " - წერია განცხადებაში.

2 სექტემბერს კახეთში ძლიერი სეტყვა იყო. სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ხეები და განადგურებულია ვენახები.

"ქარბორბალას ტიპის ქარიშხალი იყო, თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, როგორც ეხლა ნახეთ, 100%-ით არის განადგურებული მონაკვეთში სადაც სტიქია მოხდა. ასევე, დაგლიჯა დიდი ხეები, ალბათ, ასწლოვანი ხეები. ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები არის წაქცეული და დამტვრეული. სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს და ასევე საჯარო სკოლასაც გადახდილი აქვს სახურავი ნაწილობრივ... დილიდან დავიწყებთ ზარალის შეფასებას". - თქვა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა.

კომენტარები