უკრაინა-სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა

Screenshot/ Facebook reels

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა. მან 6 სექტემბერს კიევში უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას მიწვევით "პირველი ლედებისა და მეუღლეების მესამე ყოველწლიურ სამიტში" მიიღო მონაწილეობა. ჰაკობიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად. სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ღონისძიებას დანიის პრემიერმინისტრიც ესწრებოდა.

ანა ჰაკობიანი სიტყვით გამოვიდა სამიტზე. მან ისაუბრა მშვიდობაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შედეგად 30 000 სომეხი ბავშვის უფლებების დარღვევასა და ცხოვრების არაჰუმანურ პირობებზე.

პირველი ლედებისა და მეუღლეების სამიტი არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს პირველ პირებსა და მათ მეუღლეებს, რათა შედგეს დიალოგი და ერთად იპოვონ ეფექტური გადაწყვეტილებები გლობალური ჰუმანიტარული გამოწვევებისთვის. მესამე სამიტის თემა იყო მენტალური ჯანმრთელობა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. 2 ივნისს კი, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი არ უჭერს მხარს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. 

კომენტარები