ლელო

ლელო "პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურასთან" დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს

ფორმულა

ლელო პრემიერმინისტრის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან მოლაპარაკებებს იწყებს. ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა 11 სექტემბრის პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭიროა 50 დეპუტატის ხელმოწერა, რომელთა მიღებაც სხვა ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი. 

"ღარიბაშვილმა საკუთარი შვილის უძვირეს ამერიკულ სასწავლებელში წასაყვანად გახარჯა ასობით ათასი ლარი. [...] და, ეს თუ არ არის კორუფცია და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მაშინ ჩვენ საერთოდ უნდა შევწყვიტოთ საუბარი სახელმწიფოზე, მითუმეტეს სამართლებრივ სახელმწიფოზე. ლელოს ძალიან მტკიცედ სჯერა, რომ ერთადერთი პასუხი ამაზე არის დაუყოვნებლივ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პრემიერმინისტრის მიმართ". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

სამადაშვილმა პრემიერს საქართველოს ისტორიაში "ყველაზე კორუმპირებული მეთაური" უწოდა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, არ შეიძლება ღარიბაშვილის ქმედებებზე საზოგადოებას და ოპოზიციას არ ჰქონდეს რეაგირება. 


შეგახსენებთ, პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყების შესახებ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. ის ამ ინიციატივით გამოეხმაურა ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი მისი შვილის აშშ-ში გასამგზავრებლად გამოიყენა.

კომენტარები