სასოფლო-სამეურნეო მიწა

მიწის ნაკვეთების უკანონოდ დარეგისტრირების ფაქტზე ჩადენილ დანაშაულებზე ამნისტია ცხადდება

BPN

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ დარეგისტრირების ფაქტზე ჩადენილ დანაშაულებზე ამნისტია გამოცხადდება. პრემიერის თქმით, ამნისტია 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება.

"წლების განმავლობაში ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები უკანონოდ დაირეგისტრირა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში ათეულობით საქმე დევს [...] ინიციატივით გამოვდივარ, რომ ასეთ საქმეებზე ამნისტია გამოვაცხადოთ. ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე.

ამნისტიის ფარგლებში, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. ამნისტია არ გავრცელდება მოხელის, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე". - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით. მისივე თქმით, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ეს უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის ღირებულების ექვივალენტური თანხის გადახდის გზით. 

კომენტარები