რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არ არსებობს რისკი, რომ NATO-ს წევრი რუმინეთი ომში ჩაერთვება" – გენერალური მდივნის მოადგილე

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა რუმინეთში, ბუქარესტის მახლობლად მდებარე სკოლაში ვიზიტის დროს, 2023 წლის 11 სექტემბერი.
APnews

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების ნამსხვრევების პოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არ არსებობს რისკი, რომ ალიანსის წევრი რუმინეთი ომში ჩაერთვება. ამის შესახებ ჯოანამ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად მდებარე სკოლაში ვიზიტის დროს ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია, ხელახლა დავადასტუროთ ის ფაქტი, რომ არ არსებობს მინიშნება მიზანმიმართულ ქმედებებზე, [რუსეთის მიერ] რუმინეთის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, NATO-ს ტერიტორიებზე დარტყმის შესახებ" - თქვა გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ მეზობელ ქვეყანაში ომი რუმინეთში შფოთვას იწვევს.

"როდესაც გესმით ომის ხმები სახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ადგილიდან, სადაც მუშაობთ, ეს იწვევს ემოციებს და შფოთვას, მაგრამ არ არსებობს რისკი, რომ რუმინეთი ჩაერთვება ამ კონფლიქტში." - თქვა ჯოანამ, რუმინეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ელჩმა აშშ-ში.

ჯოანამ ასევე აღნიშნა, რომ საზღვარზე მცხოვრები რუმინელების დამშვიდების მიზნით, ის ტერიტორიის მონახულებას აპირებს.

"მინდა დავარწმუნო რუმინეთის საზოგადოება და განსაკუთრებით ისინი, ვინც ცხოვრობენ უკრაინის საზღვართან, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს." - თქვა ჯოანამ.

გასულ კვირას, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ იმის ნიშანი, რომ რუსეთი რუმინეთს დრონით განზრახ დაესხა თავს, არ აქვთ.

"არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რაც რუსეთის განზრახ თავდასხმაზე მიუთითებდა და მიმდინარე გამოძიების შედეგს ველოდებით". - თქვა სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას.

მანვე დასძინა, რომ NATO-ს წევრ რუმინეთში რუსული დრონის ნაწილების აღმოჩენა ნათლად აჩვენებს, რომ მსგავსი ინციდენტების რისკი დიდია.

4 სექტემბერს უკრაინა ამტკიცებდა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავები მეზობელ უკრაინის ქალაქზე თავდასხმების სერიის დროს დაეშვა.

რუმინეთის პრეზიდენტი სწრაფად გამოეხმაურა ამ მოვლენას და თქვა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსული სამხედროების მიერ გამოყენებული თვითმფრინავების ახალი ფრაგმენტების აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა რუმინეთის სუვერენული საჰაერო სივრცის სრულიად მიუღებელ დარღვევას.

კომენტარები