ხორავას ქუჩის საქმე

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული, გიორგი მენაბდე სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მენაბდის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა". - წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. 

გიორგი მენაბდე 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. დაკავებულს ბრალი წარედგინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე. მენაბდეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" საფუძველზე 10 წლამდე და 6 თვემდე შემცირდა. 

შეგახსენებთ, ბრალდებული გიორგი მენაბდე დეკანოზ შიო მენაბდის შვილია. ის ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სულ 7 პირია მსჯავრდებული. 

კომენტარები