რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფედოროვი: იქნება მეტი დრონი, მეტი თავდასხმა და ნაკლები რუსული გემი

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის თქმით, უკრაინა შეძლებს რუსულ გემებზე ახალი საჰაერო იერიშების მიტანას.

"იქნება მეტი დრონი, მეტი თავდასხმა და ნაკლები რუსული გემი". - აღნიშნა ფედოროვმა Reuters-სთან ინტერვიუში, ანექსირებულ ყირიმში ბოლო ინციდენტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის თქმით, ქვეყანაში 2023 წელს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება გასულ წელთან შედარებით 100-ჯერ გაიზარდა. მისივე აზრით, "2023 წლის ბოლომდე ის გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 120-140-ჯერ გაიზრდება“. 


13 სექტემბერს უკრაინის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლზე მიტანილი იერიშის შედეგად  პროექტი 775-ის (NATO-ს კოდური სახელით Ropucha) კლასის სადესანტო ხომალდი და Палтус-ის ტიპის (NATO-ს სახელით Kilo) წყალქვეშა ნავი დაზიანდა.

ღია წყაროებით ირკვევა, რომ ამ ტიპის ხომალდები 12 სექტემბრისთვის სევასტოპოლის მშრალ პორტში იმყოფებოდნენ.

რუსული ტელეგრამ-არხები ამ ვარაუდის დამადასტურებელ ინფორმაციას ავრცელებენ და წერენ, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა სადესანტო ხომალდი სახელად მინსკი და წყალქვეშა ნავი, სახელად როსტოვი დონზე. ამავე ცნობით, დარტყმას ემსხვერპლა ორი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაღუპული და დაშავებული სერგო ორჯონიკიძის სახელობის ხომალდების სარემონტო ქარხნის თანამშრომელია.

პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი ადასტურებს, რომ იერიში ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლზე ავიაციის გამოყენებით მიიტანეს. მან უკრაინელ პილოტებს დავალების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ "გაგრძელება იქნება".

კომენტარები