რუსეთი

რუსეთში აფრიკული ჭირის ვირუსი გავრცელდა – შესაძლოა, ღორის ხორცის ფასი გაიზარდოს

Reuters / news.mail.ru

რუსული მედია რუსეთის ფერმერულ მეურნეობათა ასოციაციაზე (АККОР) დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში გავრცელებული აფრიკული ჭირის ვირუსმა, შესაძლოა, ხორცზე ფასის ზრდა გამოიწვიოს.  

"სიტუაცია ძალიან სერიოზულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე. ფასები აუცილებლად გაიზრდება, რადგან შიდა ბაზარზე ხორცის დეფიციტია". - უთხრა Известия-ს АККОР-ის გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსანდრ შიპულინმა.

მისივე თქმით, დღეს რუსეთში ღორების დეფიციტია - მხოლოდ კრასნოდარის მხარეში, სხვადასხვა მიზეზის გამო, წელს ღორების რაოდენობა 22.7 ათასით შემცირდა, ხოლო გავრცელებული ვირუსის შედეგად რისკის ზონაში კიდევ რამდენიმე ათეული ათასი ღორია.

რუსეთის ფერმერულ მეურნეობათა ასოციაციის თანახმად, ღორების დეფიციტის გამო ღორის ხორცზე ფასების ზრდა 10%-დან 20%-მდეა მოსალოდნელი. 

"ბოლო დროს რუსეთში ღორის ხორცის ფასები ძალიან დაბალია - იგივე ფასი აქვს, როგორც ქათამს, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე იაფ ხორცად ითვლება. ამჟამად ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზრდა შეიძლება იყოს 10-20% ან მეტი, რაც დამოკიდებულია ხორცის ხარისხზე და კატეგორიაზე. ფასის ზრდის მიზეზი კი მხოლოდ აფრიკული ჭირის ვირუსი არ იქნება". - თქვა სტავროპოლის ტერიტორიაზე АККОР-ის ხელმძღვანელმა და ფერმერმა სერგეი კოლესნიკოვმა.

აღნიშნული ვირუსის გავრცელების შემთხვევები გამოვლინდა რიაზანის, ბრიანსკის, ვლადიმირის, ტულას ოლქებში, ასევე კრასნოდარის, ალტაის, კრასნოიარსკის ტერიტორიებსა და იაკუტიაში.

ამასთან, როგორც Известия ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურზე (Россельхознадзор) დაყრდნობით წერს, მიმდინარე წლის სექტემბერში ასეთი 10 შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდა ამისა, როგორც Известия წერს, დაავადებული ხორცი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ვირუსის გავრცელება ექსპორტირებულ პროდუქტზე მარტივადაა შესაძლებელია, ხოლო ვირუსს ღორის მთელი პოპულაციის გაწყვეტა შეუძლია. 

ამასთან, Известия აღნიშნავს, რომ აფრიკული ჭირის ვირუსი არის გადამდები დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება, კანის ციანოზი და სისხლჩაქცევები. ამასთან, ხორცი გაყინულ მდგომარეობაშიც კი შეიძლება ინფექციის წყარო აღმოჩნდეს. 

როგორც Известия წერს, დაავადებული ცხოველები სწრაფად კვდებიან, ხოლო მიზანშეწონილია დაავადებული ხორცის დაწვა, გამოვლენილი შემთხვევების ადგილას კი კარანტინი ცხადდება. ამავე ინფორმაციით, მსხვილ საწარმოებში გამოვლენილი შემთხვევის ადგილას მთელი პირუტყვის განადგურება აუცილებელია. 

კომენტარები