ეძგვერაძეზე თავდასხმა

მე გამისწორდნენ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, საკრებულოში დაწყებული ამბის გამო – ეძგვერაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე 22 სექტემბერს გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს
კადრი ვიდეოდან/"მთავარი არხი"

ენმ-ის დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე 22 სექტემბერს გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე ტელეკომპანია მთავართან საუბრობს. 

ეძგვერაძეს თქმით, მას ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლის ზარნაძისა და სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირების დაკვეთით გაუსწორდნენ. მომხდარის საფუძვლად კი საკრებულოში არსებულ დაპირისპირებას ასახელებს. 

"ამით რა გააკეთა ხელისუფლებამ? გააკეთა ის, რომ 2024 წელს მოდის არჩევნები და ვინც განსხვავებულ აზრს დაუშვებს, ვინც თავის სამშობლოსთვის იბრძოლებს, ვინც არ შეეგუება ქართული ოცნების მმართველობას და ვინც დადგება მათ წინააღმდეგ - რაც აჩვენა მოსახლეობას გუშინდელი დღით - აი ეს მოგივათ ყველას. [...]

კადრებში ძალიან კარგად ისმის, რომ მე გამისწორდნენ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, საკრებულოში დაწყებული ამბით. ზარნაძე და კიდე უფრო  ზემოთ რომ დგანან, მათი დაკვეთით მოხდა ეს ყველაფერი და კადრებში ძალიან კარგად ისმის, რომ დამთავრდა თქვენი დრო. Რომ დაგვაგდეს ძირს და გვირტყამდნენ კონკრეტული ადამიანები, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ ნიკა მელიას, პარტიასა და ყველას". - ამბობს ეძგვერაძე.

გარდა ამისა, ენმ-ის დეპუტატი საკრებულოში დაწყებული კონფლიქტის მიზეზებზე საუბრობს.

"მე ორი წელია საკრებულოს წევრი ვარ და ვერც ერთი საკრებულოს წევრი ვერ იტყვის რომ ვინმეს სიტყვას ვაწყვეტინებდი ან რეპლიკის სახითაც რამეს ვამბობდი. დეპუტატები იმისთვის ვართ, რომ ჩვენი სათქმელი ვთქვათ და მოსახლეობასთან მივიტანოთ. მე ვამბობდი იმას, რომ როგორ შეიძლება ქართული ოცნება ოპოზიციას ადანაშაულებდეს პოლარიზაციაში, სამოქალაქო დაპირისპირებაში. [...] პოლარიზაციის მიზეზი ხელისუფლებაა და ამას ხომ მთელი მსოფლიო, ყველა მეგობარი ეუბნება. [...] ამას ვამბობდი ჩემს სიტყვაში, რამაც გააღიზიანა [ზარნაძე]. - თქვა ეძგვერაძემ. 

ეძგვერაძეს თქმით, ეს თავდასხმა ადამიანების დაშინებას ემსახურებოდა.

"მოკლედ იცით რა მინდა რომ გითხრათ, ეს ემსახურებოდა ადამიანების დაშინებას, არ გამოუვათ, ვერ შეეგუება ეს ხალხი, ქართველი ერი და ახალგაზრდები რუსეთში ყოფნას, გამორიცხულია ეს".

დეპუტატის ასევე ამბობს, რომ მან თავდასხმისას ტატო ხუნდაძე იცნო, რომელიც "განსაკუთრებულად აგრესიულად" იქცეოდა. 


22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გლდანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებული გლდანში დაკავებულ სამივე ოპოზიციონერს შეხვდა. 

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნიკა მელიამ სახალხო დამცველის რწმუნებულს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები