კორუფცია

TI: სავარაუდო კორუფციის 144 შემთხვევაში, სულ მცირე 160 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო პერიოდულად აქვეყნებს ბოლო წლებში მომხდარი მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევებს. 2023 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ორგანიზაციას აღრიცხული აქვს 144 მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის ფაქტი, რომლებშიც ფიგურირებს მინიმუმ 160 მაღალი რანგის თანამდებობის პირი. მათ შორის არიან: 13 მოსამართლე, 27 პარლამენტის წევრი, 28 მთავრობის წევრი და/ან მისი მოადგილე, 53 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, „მმართველი პარტიის დამფუძნებლის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება“[2] და ამასთან, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე”. - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ასევე წერს, რომ შესაბამისი სამსახურები რეაგირების გარეშე ტოვებენ სავარაუდო კორუცფიის საქმეებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასში მაღალი თანამდებობის, ან პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. ორგანიზაცია ასევე აკონკრეტებს, რომ სუს-ისა და პროკურატურის უკანასკნელი წლების ანგარიშებში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს, მერი და გუბერნატორი იყვნენ. 

"მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსა და პროკურატურის კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება გადაეცეს დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი რესურსებით, უფლებამოსილებითა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რათა მიუკერძოებლად და საგულდაგულოდ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები". - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

კომენტარები