ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, "თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დანამდვილებით 5%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, თქვენ:" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ბარიერის გადალახვის დაბალი შანსის მიუხედავად, რჩეულ პარტიას მივცემდი ხმას - 78%;
- ხმას მივცემდი ისეთ პარტიას, რომელსაც ბარიერის გადალახვის მეტი შანსი აქვს - 16%;
- საერთოდ არ მივცემდი ხმას - 6%.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69% საკუთარ პოლიტიკურ არჩევანში დარწმუნებულია.
კითხვაზე, "რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენს არჩევანში", პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ყველა ამომრჩეველი - დარწმუნებული 69%, შეიძლება შევიცვალო აზრი 31%;
- ქართული ოცნება - დარწმუნებული 84%, შეიძლება შევიცვალო აზრი 16%;
- გამარჯვების პლატფორმა - დარწმუნებული 79%, შეიძლება შევიცვალო აზრი 21%;
- საქართველოსთვის - დარწმუნებულია 58%, შეიძლება შევიცვალო აზრი 42%;
- გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - დარწმუნებულია 46%, შეიძლება შევიცვალო აზრი 54%;
- ლელო - დარწმუნებულია 55%, შეიძლება შევიცვალო აზრი 45%;
- სხვა პარტიები - დარწმუნებულია 46%, შეიძლება შევიცვალო აზრი 54%.
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.