შუალედური არჩევნები

ცესკო: 1-ელ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

ცესკო

1-ელ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგზე, პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა.

ხვალ ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. ამასთან, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 184 300-ია.

იოსელიანმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 85.3% მიიღებს.

"აქვე, მინდა, ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო.

დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის". - თქვა იოსელიანმა.

როგორც ცესკოს სპიკერმა აღნიშნა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია 16 საერთაშორისო დამკვირვებელი, 426 ადგილობრივი დამკვირვებელი. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესს გააშუქებს მედიაორგანიზაციების 158 წარმომადგენელი. არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი.

კომენტარები