აშშ-უკრაინა

მაკკარტის გადაყენების ფონზე, უკრაინისთვის აშშ-ს დახმარების პროცესი დროებით შეფერხდება

კევინ მაკკარტი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 2 ოქტომბერს რესპუბლიკური პარტიის წევრის მეტ გეითსი მიერ წამოწყებული “სპიკერის თანამდებობიდან ჩამოშორების ინიციატივა” დღეს დილით, 4 ოქტომბერს, ამერიკის თანამედროვე ისტორიაში უპრეცენდენტო შედეგით - ამავე პალატის სპიკერის კევინ მაკკარტის გადაყენებით დამთავრდა. 

გეითსის მიერ წამოწყებული პროცესი წარმომადგენელთა პალატაში პრივილეგირებული საკითხი იყო, რომელზე კენჭისყრაც ორი საკანონმდებლო დღის განმავლობაში იყო სავალდებულო. ეს უფლებამოსილება წარმომადგენლებს მაკკარტის სპიკერად დანიშვნის პროცესის მიმდინარეობისას, მის მიერ რიგ დათმობებზე წასვლის შემდეგ მიენიჭათ. 

მიუხედავად იმისა, რომ კევინ მაკკარტიმ უკვე შეძლო და საკუთარ პარტიაში მყოფი ხისტი პოლიტიკის მომხრე წევრების გვერდის ავლით მოახერხა დემოკრატებთან ერთად ბიუჯეტის არარსებობის შემთხვევაში ხარჯების გაგრძელების შეთანხმების მიღწევა, რითაც აშშ-ის ფედერალური მთავრობა მუშაობის შეჩერებას დროებით გადაურჩა, ამ შეთანხმებაში შესული უკრაინის დახმარების საკითხი არ ყოფილა.

გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში წარმომადგენელთა პალატა აღწერილი პოლიტიკური უწესრიგობის დალაგების პროცესში იქნება, არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის დამატებითი დახმარების პროცესი დროებით შეფერხდება. 

მაკკარტის სპიკერობიდან გადაყენების შემდეგ, დროებით სპიკერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა პატრიკ მაკჰენრი, რომელსაც სპიკერის შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს. მაკჰენრის პრიორიტეტი ამ ეტაპზე ახალი სპიკერის ასარჩევი კენჭისყრის დანიშვნაა, რაც 11 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. ახალი სპიკერის არჩევის პროცესი დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ კევინ მაკკარტიმ სპიკერობისთვის კენჭის ყრაში ხელახლა მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ახალი სპიკერის არჩევა კვლავაც ვერ მოხერხდა, მაშინ მაკჰენრი დროებით უფლებამოსილებებს მიიღებს, თუმცა ამისთვის მას წარმომადგენელთა პალატის ხმების უმრავლესობა დასჭირდება. 

აღნიშნული მოვლენების განვითარების პარალალურად პრეზიდენტი ბაიდენი 30 სექტებმერს აღნიშნავდა, რომ აშშ-მა  “არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუშვას, ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერის შეფერხება” და იმედოვნებდა, რომ “სპიკერი შეასრულებს მის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს უკრაინისადმი ამ კრიტიკულ მომენტში საჭირო დახმარების წარმომადგენელთა პალატაში გატარებას”.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 3 ოქტომბერს აშშ-ის კანადის, ევროკომისიის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, NATO-ს, პოლონეთის, რუმინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ლიდერებთან საერთო ჩართვისას ბაიდენმა მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მზადყოფნა მხარში დაუდგეს უკრაინას “სანამ იგი იცავს საკუთარ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ასევე დაამატა, რომ “ქვეყნების ლიდერებიდან არავის დაუყენებია ეჭქვეშ აშშ-ის უკრაინისადმი მხარდაჭერა: “მათ (რედ. უცხო ქვეყნის ლიდერებს) ესმით, რომ აღნიშნული პრობლემა რესპუბლიკელთა რადიკალური ფრთის დამსახურებაა და ასევე ისიც ესმით, რომ რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერთა ძირითადი ნაწილი - როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში - უკრაინისთვის მხარდაჭერის მომხრეა”. 

ჯერჯერობით გაურკვეველია როდის განახლდება კონგრესში უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებები, თუმცა აშკარაა, რომ ულიდეროდ დარჩენილი წარმომადგენელთა პალატა, რომელშიც ახალი სპიკერი დაყოფილმა და დისფუნქციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ უნდა აირჩიოს, აღნიშნულ პროცესს გააჭიანურებს.

კომენტარები