კოლუმბია

კოლუმბიის არმიამ 2002-08 წლებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო ბოდიში მოიხადა

კოლუმბიელი სამხედროების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახის წევრები

კოლუმბიის არმიამ 2002-2008 წლებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო ბოდიში მოიხადა.

2002-2008 წლებში კოლომბიის შეიარაღებულმა ძალებმა 6 402 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა და მათ მემარცხენე პარტიზანული ჯგუფის, კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) წევრობა დააბრალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ გზით კოლუმბიის არმია შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოკლული ამბოხებულების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდასა და დაპირისპირებაში გამარჯვების იმიტირებას ცდილობდა.

მოკლულები ძირითადად კოლუმბიის დედაქალაქის, ბოგოტას ღარიბი გარეუბნებიდან და ქალაქის შემოგარენიდან იყვნენ. ისინი სამუშაო ადგილების დაპირებით კოლუმბიის სხვადასხვა სოფლებში გაიტყუეს, სადაც მათ ჯარისკაცები დახვდნენ და დახვრიტეს. ამის შემდეგ კი მათ გვამებს პარტიზანთა სამოსი ჩააცვეს და ხელში იარაღი დააჭერინეს.

გამოძიების ფარგლებში დაკითხვების დროს, სამხედროებმა აღიარეს, რომ მათ ამის ჩადენას მეთაურები აიძულებდნენ, რათა შეიარაღებულ კონფლიქტში მოკლულთა რიცხვი გაზრდილიყო. გარდა ამისა, მათ ზოგ შემთხვევაში დაწინაურებასა და დამატებით დასვენების დღეებსაც სთავაზობდნენ.

ბოგოტაში, მთავარ მოედანზე შეკრებილ ადამიანებს და მოკლული მოქალაქეების მშობლებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ივან ველასკესმა ბოდიში მოუხადა და მკვლელობებს "სამარცხვინო" უწოდა. მისი თქმით, მოკლული მოქალაქეები "პარტიზანი მებრძოლები არ იყვნენ".

"ჩვენ აქ ვდგავართ მსხვერპლთა ოჯახების, კოლუმბიური საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რათა მოვიხადოთ ბოდიში". - მიმართა ივან ველასკესმა კოლუმბიის დედაქალაქში შეკრებილ ადამიანებს.

კომენტარები