ნიკა მელიას განცხადება

მელია: გარუჯულმა ახალმა მენეჯმენტმა ჩემი შეკრების დღეს მიშასთვის მსვლელობა ჩანიშნა

კადრი ვიდეოდან/ტვ პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს გუნდში განხეთქილების შეტანაში ადანაშაულებს.

როგორც მის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, 7 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარკვეულმა ჯგუფმა დანიშნა საკონსულტაციო შეხვედრა, საკრებულოს წევრებს კი პარტიიდან შეტყობინებები მიუვიდათ ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ამავე დღესაა ჩანიშნული. 

"7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და ქართული ოცნების მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ როგორ ვაგრძლებელთ ბრძოლას... მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭრი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება, რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი. გავიდა 9 თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი ვივამედთან 3 თვის წინ ვიხილეთ. და ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული - გადავწყვითეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში "აქცია": საკრებულოს წევრებს მისდით შეტყობინებები, მიშას თავისუფლებისათვის მსვლელობააო. დიახ, საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული, დასვენებული და გარუჯული "ახალი მენეჯმენტი" მართავს აქციას, მიშას თავისუფლების მოთხოვნით" - წერს ნიკა მელია. 


27 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში ენმ-ში დარჩენის საკითხზე ისაუბრა. მელიას თქმით, პარტიაში ფუნდამენტური განსხვავებებია ბევრ საკითხთან მიმართებით, რამაც, მისი თქმით, გამოიწვია "ღრმა ჭრილობა, რომელიც შესაძლოა მოუშუშებელი აღმოჩნდეს". 

ნიკა მელიამ კონსულტაციები დააანონსა 7 ოქტომბერს, მისი თქმით, თბილისში ერთმანეთს თანამოაზრეები შეხვდებიან მთელი საქართველოდან და იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე. 

"ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორი ბირთვი დღეს არის ერთმანეთისგან დაშორებული. მე არ ვაპირებ, რომ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილზე, საკმარისად ვილაპარაკეთ ერთმანეთზე და არც თუ ისე პოზიტიურ კონტექსტში.

როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლოა, განშორება სჯობდეს. შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და არც 20 და 30 ადამიანის. ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით. თუ რამე იოტისოდენა შანსი არის, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის კაპიტალიზირება მოხერხდეს. ამიტომაც არ ვჩქარობდი მთელი 8 თვე. თუმცა ვატყობ, რომ [პარტიაში] კრიზისი არათუ ნელდება, არამედ კიდევ უფრო ღრმავდება". – თქვა მელიამ.

კომენტარები