რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაეროს კომისრის ანგარიშში უკრაინელი ომის ტყვეების სიკვდილით დასჯის 6 შემთხვევა აღირიცხა

უკრაინელი სამხედრო ტყვეები
РИА

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიშში უკრაინელი ომის ტყვეების სიკვდილით დასჯის 6 შემთხვევა აღირიცხა. უკრაინელი ომის ტყვეების სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის კადრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა, რისი ავთენტიკურობაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დაადასტურა. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში ასახულია რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდი 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან 31 ივლისამდე. 

ყველაზე გახმაურებულია უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეო, რომლის ბოლო სიტყვებიც არის "დიდება უკრაინას". 

ანგარიშში ასევე დადასტურებულია, რომ რუსმა სამხედროებმა მოკლეს უკრაინელი დაჭრილი ტყვე, რომელსაც დანაღმულ ადგილებში მუშაობას აიძულებდნენ და ნაღმზე აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგული ჰქონდა. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა სულ 56 უკრაინელი სამხედრო გამოკითხა, მათგან 51-მა დაადასტურა, რომ ტყვეობის პერიოდში სხვადასხვა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები იყვნენ. 

კომენტარები