დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელი: ღაზის სექტორის გარშემო ბარიერი აღდგა, გაგზავნილია დამატებით 300 000 რეზერვისტი

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, ჯონათან კონრიკუსის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის გარშემო ბარიერი კვლავ აღადგინეს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ღაზის საზღვართან გაგზავნილია ქვეითი ჯარი, არტილერია და დამატებით 300 000 რეზერვისტი.

"ისინი ახლოს არიან ღაზას სექტორთან და ემზადებიან იმ დავალების შესასრულებლად, რაც ისრაელის ხელისუფლებამ დაავალა - უზრუნველყოფა, რომ ომის შემდეგ, ჰამასს არ ჰქონდეს არანაირი სამხედრო შესაძლებლობა, რითიც შეძლებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას ან მოკვლას". – ამბობს კონრიკუსი.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი ისრაელში 1 200-მდე გაიზარდა, მათ შორის, უმრავლესობა სამოქალაქო მოსახლეობაა. დაშავებულია 2 700-ზე მეტი ადამიანი.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები