ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რას პასუხობს ისრაელის ელჩი მათ, ვინც ფიქრობს რომ ისრაელი აგრესორია

ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი
ტაბულა

ტაბულა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს. ინტერვიუში დიპლომატი შეეხო იმ ადამიანების პოზიციას, რომლებსაც ისრაელი აგრესორად მიაჩნიათ და ჰამასის თავდასხმებს ამართლებენ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას ტაბულა ხვალ, 12 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

გთავაზობთ ელჩის კომენტარს:

"ვფიქრობ, მათ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, თუ ISIS-ი აშინებდათ, როცა ის ჟურნალისტებს ანაწევრებდა და ქალებს შრომით ბანაკებში მუშაობას აიძულებდა, რა უშლით ხელს იდენტური ქმედების დაგმობაში?!

ამ რაღაც გამართლებების უკან, ის მიზეზი ხომ არ დგას, რომ მსხვერპლები ისრაელელები და ებრაელები არიან? ვფიქრობ, ცხადად უნდა გვესმოდეს რა ხდება.

ეს არ არის ისრაელისა და პალესტინის მიმდინარე კონფლიქტის ნაწილი. ეს არის ერთ-ერთი დაუნდობელი თავდასხმა, დასავლურ სამყაროზე, ცივილიზებულ სამყაროზე, ყველაზე, ვისაც მცირეოდენი მორალი გააჩნია. ეს არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე.

არ უნდა მიუდგნენ როგორც მორიგ ინციდენტს ახლო აღმოსავლეთში.

ნებისმიერი, ვინც ცდილობს გაამართლოს ბავშვებისთვის თავის მოკვეთა, გოგოების გაუპატიურება, გატაცება, ჰოლოკოსტს გადარჩენილი მოხუცი ქალების დატყვევება, რომელთაც მედიკამენტები სჭირდებათ, ბავშვების, უდანაშაულო ადამიანების, რომლებიც მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ… არ მგონია, რაც ვიხილეთ, გამართლებადი იყოს.

ჩემი აზრით, გამართლების ნებისმიერი მცდელობა არ ეხება პოლიტიკას, ეს არის ანტიისრაელიზმი, ისრაელის სახელმწიფოს დელეგიტიმაცია, მთელ მოვლენასთან მიმართებით კი ეს არის ანტისემიტური მიდგომის ნაწილიც".


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები