ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი იორდანიის მეფეს: ჰამასი არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს

იორდანიის მეფის, აბდულა II-ისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრა ამანში, 2023 წლის 13 ოქტომბერი
Royal Hashemite Court/Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იორდანიის მეფე აბდულა II-ს შეხვდა. დეპარტამენტის წარმომადგენლის, მათ მილერის ცნობით, მონარქთან საუბრისას ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ჰამასი პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას არ წარმოადგენს".

მილერის თქმითვე, შეხვედრის დროს მხარეებმა ისრაელზე ჰამასის თავდასხმა და "ყველა მძევლის გათავისუფლებისა და კონფლიქტის გაფართოების თავიდან არიდების მიზნით" გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.

ამასთან, ბლინკენმა და მეფე აბდულამ განიხილეს "ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, სანამ ისრაელი ტერორიზმისგან თავის დასაცავად უსაფრთხოების ლეგიტიმურ ოპერაციებს ატარებს".

მილერმა დასძინა, რომ სახელმწიფო მდივანმა რეგიონის სტაბილურობაში იორდანიის "განსაკუთრებული როლისთვის" მადლიერება გამოხატა.

ენტონი ბლინკენმა რეგიონში ვიზიტი გუშინ, ისრაელში ჩასვლით დაიწყო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვედრა დაგეგმილი აქვს პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთანაც.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები