ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გერმანიის კანცლერი ირანს და ჰეზბოლას აფრთხილებს, კონფლიქტში არ ჩაერიონ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი იორდანიის მეფე აბდულა II-სთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 17 ოქტომბერი
REUTERS/Annegret Hilse

იორდანიის მეფის, აბდულა II-ის ბერლინში ვიზიტის დროს ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანი და ჰეზბოლა გააფრთხილა, ისრაელი-ჰამასის ომში არ ჩაერთონ.

"პირდაპირ ვაფრთხილებ ჰეზბოლას და ირანს, რომ არ ჩაერიონ კონფლიქტში". - თქვა შოლცმა.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა იორდანიის მეფეც, რომელმაც თქვა, რომ იორდანიასა და ეგვიპტეში პალესტინელი ლტოლვილების გაყვანას არ უნდა ეცადონ.

"ეს არის წითელი ხაზი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის ზოგიერთი მხარის გეგმა, რომ ადგილზე დე ფაქტო საკითხები შექმნან. ლტოლვილები არ უნდა იყვნენ იორდანიაში, ლტოლვილები არ უნდა იყვნენ ეგვიპტეში". - თქვა მეფე აბდულამ.

გავრცელებული ინფორმაციით გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს, 17 ოქტომბერს ისრაელში ჩასვლას გეგმავს. ის გახდება უცხო ქვეყნის პირველი უმაღლესი ლიდერი, ვინც 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელში ჩავა.

შოლცის თქმით მისი ვიზიტის მიზანი ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვაა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის "კონკრეტულ პრაქტიკულ საკითხებზე" ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართავს მოლაპარაკებებს. განსახილველ საკითხებში იქნება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება და კონფლიქტის გაფართოების რისკის თავიდან ასაცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები.

მანამდე, 13 ოქტომბერს ისრაელში იტალიელ კოლეგასთან ერთად ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები