ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საუდის პრინცმა ბლინკენს რამდენიმე საათი ალოდინა, შემდეგ კი შეხვედრა გადადო

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ხვდება
Royal Court of Saudi Arabia/Anadolu via Getty Images

15 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის პრინცს უნდა შეხვედროდა, თუმცა რიადში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ბლინკენს აცნობეს, რომ პრინცთან შეხვედრა მეორე დღეს დილით იქნებოდა შესაძლებელი. 

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაიძაბა. 

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა მედიაციით ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ეხელმძღვანელა, თუმცა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა.

გამოცემა Insider-ის თქმით, ისრაელის ჰამასთან ომის ფონზე, ბლინკენი ბოლო დღეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მნიშვნელოვან მოკავშირეებს ეწვია, რათა ისინი, ჰამასის სასტიკი თავდასხმის დაგმობის მნიშვნელობაში დაარწმუნოს, თუმცა, უშედეგოდ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები