რუსეთი

სერგეი სუროვიკინი ვიქტორ აფზალოვმა ჩაანაცვლა

ვიქტორ აფზალოვი

რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინის ნაცვლად ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა. 

ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიები TACC-ი და Ria Novosti ავრცელებენ. 

სუროვიკინს აღნიშნული თანამდებობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აგვისტომდე ეკავა. ამასთან, იგი საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარი მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იყო მას შემდეგ, რაც სუროვიკინი პოსტიდან გაათავისუფლეს.

TACC-ის ცნობით, აფზალოვი არის პუშკინის საჰაერო თავდაცვის რადიო ელექტრონიკის უმაღლესი სამხედრო სკოლის, საჰაერო თავდაცვის სამხედრო უნივერსიტეტისა და გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. 2017 წლიდან მეთაურობდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალებს და საჰაერო თავდაცვის არმიას.

სუროვიკინი საჯარო სივრცეში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის აჯანყების შემდეგ, ორ თვეზე მეტია არ გამოჩენილა. The New York Times-ი წერდა, რომ გენერალი სუროვიკინი შესაძლოა ვაგნერელების მხარს იჭერდა და მათი გეგმების შესახებაც წინასწარ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ აჯანყების ღამეს გავრცელდა მისი სპეციალური მიმართვა, რომელიც დეესკალაციის მოწოდება იყო. კრემლში ამ ცნობას სპეკულაციას უწოდებდნენ.

მედიასა და სხვადასხვა ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ინფორმაციით, სუროვიკინს ამბოხის შემდეგ დააკავეს, მაგრამ იმყოფებოდა არა წინასწარი დაკავების იზოლატორში, არამედ სხვა ადგილას. ამასთან, გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ის დაკითხეს ამბოხის ორგანიზებაში შესაძლო მონაწილეობის საკითხზე. 4 სექტემბერს ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც სუროვიკინი ჩანს. ამასთან, მისი გათავისუფლების შესახებ The New York Times-მაც გაავრცელა ინფორმაცია ორ ამერიკელ ოფიციალურ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით. 

კომენტარები