ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

New York Times: ღაზის საავადმყოფოსთან აფეთქების გაშუქებისას მეტი სიფრთხილე გვმართებდა

გამოცემა New York Times-ის შენობა

ამერიკული გამოცემა New York Times-ი ღაზის სექტორის ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გაშუქებისას დაშვებულ შეცდომებს აღიარებს.

რედაქტორების შენიშვნის მიხედვით, 17 ოქტომბერს NYT-მა ღაზის სექტორის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შესახებ ცნობა გამოაქვეყნა, რომელსაც დართული ჰქონდა ჰამასის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია.

რედაქტორების თქმით, გამოქვეყნებულ ცნობაში ეწერა, რომ ჰამასი აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებდა. ამის მიუხედავად,  მათი თქმით, გაშუქების ადრეულ ეტაპებზე Times-ი "ზედმეტად დაეყრდნო ჰამასის მიერ გავრცელებულ განცხადებებს და, ამასთანავე, არ ყოფილა სიცხადე იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული განცხადებების გადამოწმება იმ დროისთვის შეუძლებელი იყო".

შედეგად, მკითხველებს გაუჩნდათ არასწორი აღქმა იმის შესახებ, თუ რა იყო ცნობილი და რამდენად სანდო იყო გავრცელებული ინფორმაცია.

Times-ის მიხედვით, ინფორმაციის განახლებასთან ერთად, გამოცემამ მომხდარზე პასუხისმგებლობის შესახებ არსებულ საწინააღმდეგო ცნობებზე და ასევე თავდაპირველად გავრცელებული დაღუპულთა რიცხვის შესაძლო გაზვიადებაზე ინფორმაცია მოგვიანებით დაამატა.

"კონფლიქტის დროს გავრცელებული ინფორმაციის სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე... Times-ის რედაქტორებს გაშუქებისას უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ და მეტად გასაგები უნდა ყოფილიყვნენ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებადების შესახებ" - ნათქვამია New York Times-ის სარედაქციო შენიშვნაში.


ალ-აჰლის საავადმყოფოს აფეთქებისას დაშვებულ შეცდომებზე ბრიტანულ გამოცემა BBC-შიც ისაუბრეს.

BBC-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ჯონათან მანრომ თქვა, რომ 17 ოქტომბრის ღაზის საავადმყოფოს თავდასხმის გაშუქებისას მათ შეცდომა დაუშვეს. მანროს თქმით, პირდაპირ ეთერში საავადმყოფოს აფეთქების გაშუქებისას "მაუწყებლობის ენა არ იყო ბოლომდე სწორი". BBC-ს კორესპონდენტმა ჯონ დონისონმა სპეკულაცია მოახდინა და მაყურებელს მიანიშნა, რომ აფეთქება ისრაელის იერიშის შედეგი იყო, რაც 19 ოქტომბერს BBC-ს მენეჯმენტმა შეცდომად აღიარა. 

17 ოქტომბერს ქალაქ ღაზაში არაბულ საავადმყოფოში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ჰამასი იმთავითვე ისრაელს აბრალებდა. 18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა წარადგინა მოპოვებული მტკიცებულებები და ახსნა, რომ რაკეტა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა გაისროლა.

კომენტარები