კრიმინალი

ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ყიდდნენ – რამდენიმე აფთიაქის ხელმძღვანელს ბრალი წარუდგინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა ე. წ. ფსიქოტროპული აფთიაქები, სადაც მედიკამენტებს უკანონოდ ყიდდნენ. გამოძიების ცნობით, ბრალი წარედგინა 58 ფიზიკურ და 15 იურიდიულ პირს ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების უკანონოდ რეალიზაციის ფაქტზე. 

"საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2023 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოავლინეს კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც.

ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით, მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით აეკრძალათ ფარმაცევტული საქმიანობა" - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რა  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. 

კომენტარები