ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

თბილისში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გაიხსნა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში" ფარგლებში თბილისში ადამიანით ვაჭრობისა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავშესაფარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა გახსნეს.

"ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი" სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. თავშესაფარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათზე დამოკიდებულ პირებს.

თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ თავშესაფარი გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში" ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.

კომენტარები