აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი უახლოეს მომავალში სან ფრანცისკოში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) ფარგლებში შეხვდებიან. შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლი ადასტურებს.
როგორც თეთრი სახლი აღნიშნავს, გეოპოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენციის გამწვავების ფონზე, აუცილებელია დიპლომატიური კავშირების გაღრმავება და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ნორმალიზება, რათა მომავალში მხარეებს შორის უთანხმოების გაჩენის რისკები შემცირდეს.
აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრას უკანასკნელ თვეებში ამ ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების მიერ განხორციელებული არაერთი დიპლომატიური ვიზიტი უძღოდა წინ.
"ეს იქნება მხარეებს შორის კონსტრუქციული შეხვედრა და მნიშვნელოვანი დიპლომატიური დიალოგი" - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი მიმდინარე წლის 12-18 ნოემბერს კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ფრანცისკოში გაიმართება.