ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იორდანიამ პროტესტის ნიშნად ისრაელიდან ელჩი გაიწვია

იორდანიამ პროტესტის ნიშნად ისრაელიდან ელჩი გაიწვია. როგორც იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, შესაბამისი გადაწყვეტილება ღაზის სექტორში ისრაელის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით მიიღეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ელჩის დაუყოვნებლივი გაწვევის გადაწყვეტილება იორდანიამ ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებული ომის დაგმობის ნიშნად მიიღო, რამაც "უდანაშაულო მოქალაქეების სიკვდილი და უპრეცენდენტო ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია".

ამავდროულად, იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შეშფოთება იზრდება სიტუაციის შემდგომ ესკალაციასთან დაკავშირებით, რაც "პოტენციურად საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მშვიდობას". 

ამასთან, იორდანიის საგარეო უწყებამ ისრაელს აცნობა, რომ საკუთარი ელჩი, რომელმაც იორდანია მანამდე დატოვა, ამანში არ დააბრუნოს.

იორდანიის საგარე საქმეთა მინისტრის, აიმან საფადის თქმით, ელჩების დაბრუნება ღაზის სექტორში "ომის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაზეა დამოკიდებული".

კომენტარები