შსს

NGO-ები რაზმაძეზე: ომბუდსმენი არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებს

კოალიცია თანასწორობისთვის განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ პოლიციელ გოგა რაზმაძის საქმეზე სახალხო დამცველის გადაწყვეტილება შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევებზე არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებს, "რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ განმცხადებელს, არამედ აუარესებს დასაქმებულ პირთა შრომით მდგომარეობას“. ომბუდსმენმა რაზმაძის საქმის წარმოება შეწყვიტა.

კოალიციას მოჰყავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიზი, რომლიდანაც, მათი თქმით, იკვეთება, რომ სახალხო დამცველმა:

  • არ გამოკითხა გოგა რაზმაძის მიერ დასახელებული და მოწმედ მითითებული არც ერთი პირი;
  • მხედველობაში არ მიიღო გოგა რაზმაძის მიერ დასახელებული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტაცია, რომელიც სამინისტროს არაერთ განმარტებს აბათილებდა;
  • განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი შეკითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაუსვა სამინისტროს;
  • იხელმძღვანელა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციით დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გარეშე;
  • არ გაითვალისწინა გენერალურ ინსპექციაში განხორციელებულ იძულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები;
  • და საბოლოოდ - ერთი კვირის ვადაში, სრულად გაიზიარა სამინისტროს პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის დამატებით არგუმენტაციაზე სამინისტროს ომბუდსმენისთვის პასუხი არც კი წარმოუდგენია. უცნობია, საერთოდ გადაეგზავნა თუ არა განმცხადებლის ბოლო პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კოალიცია ასკვნის, რომ სახალხო დამცველის გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და შსს-ის სასარგებლოდ არის მიკერძოებული. მათი თქმით, ომბუდსმენმა თვითონ განმცხადებელი დაავალდებულა, მტკიცებულებები მოეპოვებინა, რითაც შეაბრუნა მტკიცების ტვირთი და დისკრიმინაციის საქმეებზე დადგენილი სტანდარტები დაარღვია.

კოალიციის განცხადებაში წერია, რომ საკანონმდებლო ნორმების დარღვევასთან ერთად, სახალხო დამცველის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის შესაძლებლობასაც ასუსტებს.

ამასთან, კოალიცია სახალხო დამცველს მოუწოდებს, მოქმედი კანონმდებლობით იხელმძღვანელოს.

"როცა მოქალაქე სამინისტროს სისტემას უპირისპირდება, ასიმეტრიულ დაქვემდებარებაშია და მრავალი მტკიცებულების დამოუკიდებლად მოპოვება არ ძალუძს, კანონი სწორედ ომბუდსმენს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამოკითხოს მოწმეები, გამოითხოვოს და შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია. სამწუხაროდ, გოგა რაზმაძის საქმეში ომბუდსმენმა ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი თქვა და საქმე კანონით დადგენილი ნორმების სრული უგულებელყოფით განიხილა. მსგავსი მიდგომა აზიანებს მამხილებლების უფლებრივ გარანტიებსაც, რაც ასუსტებს საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის შესაძლებლობებს.

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი გადაანაწილოს იმგვარად, რომ დასაქმებული არათანაბარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს დამსაქმებელთან შედარებით და გულისხმიერებითა და გულმოდგინებით მოეკიდოს თითოეული დასაქმებულის საქმეს.“ – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს გაერთიანების წევრი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია: 

  • Human Rights Center
  • თანასწორობის მოძრაობა
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • საფარი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • უფლებები საქართველო
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 12 ივლისს გაავრცელა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". 

ამავე დღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატმა გოგა რაზმაძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო.

რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.

28 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა.  უწყების ცნობით, რაზმაძემ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

10 აგვისტოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რაზმაძეს მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან. რაზმაძემ საგამოძიებოს უპასუხა და დაწერა, რომ თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო სამსახურში და დააფიქსირა მზაობა გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე. მისივე თქმით, როდესაც მივიდა უწყებაში, გამოძიება ჯერ დაწყებული არ იყო. 

30 ოქტომბერს გოგა რაზმაძემ თქვა, რომ მისი საქმის წარმოება ლევან იოსელიანმა შეწყვიტა. მისივე თქმით, სახალხო დამცველმა საქმის განხილვისას არცერთი მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, კერძოდ, არ გამოიკითხა არცერთი მოწმე. ამასთანავე შსს-ს თანამშრომელი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი, რომელიც მოპასუხეს ეკისრება, მას, ანუ განმცხადებელს დააკისრა. 

შემდგომ, იოსელიანმა 1 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ რომ ომბუდსმენის მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.

კომენტარები