ახლო აღმოსავლეთი

ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ეკონომიკური კავშირი გაწყვიტა

ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ამავდროულად ეკონომიკური კავშირი გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია ბაჰრეინის პარლამენტმა გაავრცელა.

განცხადების მიხედვით,  გადაწყვეტილების შედეგად ისრაელის ელჩმა უკვე დატოვა ბაჰრეინი.

გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ბაჰრეინის სამეფოს "მყარი და ისტორიული პოზიცია, მხარი დაუჭიროს პალესტინას და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს". 

ისრაელმა ბაჰრეინში საელჩო მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციიდან სამი წლის შემდეგ გახსნა.

2021 წლის აბრაამის შეთანხმებიდან, რომელიც ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას გულისხმობს, სამი წელი გავიდა.

პოლიტიკის ანალიტიკოსების აზრით, ბაჰრეინსა და ისრაელს შორის ურთიერთობების დაახლოვება ირანიდან მომავალ საერთო პოლიტიკურ საფრთხეებს უკავშირდება. თუმცა, ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად ისრაელსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას საუდის არაბეთი და აშშ მედიატორობდნენ. 

 

კომენტარები