იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავერსის კლინიკიდან მსჯავრდადებულთა გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია ტაბულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
გამოძიება დაწყებულია 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 6 წლამდე.
3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილები. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა: "დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება".
სამივე გაქცეული 2 ნოემბერს დააკავეს.
ამასთან, დღეს, 4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.