კანდიდატის სტატუსი

პაპუაშვილი: დღეს განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს ილიაობას, ილიას ოცნება სინამდვილედ იქცევა

1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა თანამედროვე საქართველოს განმსაზღვრელი და სულისჩამდგმელი, ილია ჭავჭავაძე. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ დღეს ელოდება საქართველო ევროკომისიის შეფასებას თავის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართველთა ევროპული გზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მცველისა და გამგრძელებლის ილია მართალის დაბადების დღეს ჩვენი სამშობლო ღირსეულ პასუხს მიიღებს; ღირსეულსა და დამსახურებულს, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი, როგორც უმდიდრესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ერი, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული განსაკუთრებული ფენომენი; უპირველეს ყოვლისა კი, როგორც სახელმწიფო, რომლის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი.

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელახალი გააზრება ილიასა და მის დიდებულ თანამედროვეთა დამსახურებაა; თუმცა ილიას ღვაწლი განუზომელია, მისი ამაგი ფასდაუდებელი, თავდადება კი წმინდა სისხლით განმტკიცებული. იმ ქართველ მამულიშვილთა შორის, ვინც ჩვენი თვითმყოფადობისა და თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო, ილია ნიშანსვეტია, რომელმაც ერს დაკარგული სამშობლო დაუბრუნა, თავიდან ჩაუღვარა ქვეყნის სიყვარული გულში თითოეულ ქართველს.

დღეს განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს ილიაობას, რადგან სიტყვები აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია - დღეს ხორცს ისხამს. ილიას ოცნება, საქართველო სხვა ერთა შორის ღირსეული ეხილა, სინამდვილედ იქცევა - ჩვენ გვჭირდება ევროპა, ევროპას ვჭირდებით ჩვენ!

წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსზე და ევროკომისიის მოსალოდნელ რეკომენდაციებზე.

კომენტარები