მიხაილ პოპკოვი

"ანგარსკის მანიაკი" რუსეთის სასამართლომ კიდევ 3 ქალის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

მიხაილ პოპკოვი, იგივე "ანგარსკის მანიაკი" ირკუცკში სასამართლოს სხდომაზე. 2018 წლის 10 დეკემბერი.

რუსი სერიული მკვლელი, მიხაილ პოპკოვი, ასევე ცნობილი, როგორც "ანგარსკის მანიაკი", ციმბირის სასამართლომ კიდევ სამი ქალის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და დამატებით 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოპკოვს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული. მისი მსხვერპლები ქალები იყვნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, 1997 წლის ოქტომბერსა და 1998 წლის მარტში პოპკოვმა 25 წლის ორი ქალი ციმბირში, მდინარე ანგარას ნაპირზე გაგუდა, შემდეგ ერთ-ერთის სხეული დაწვა. 2003 წელს კი ანგარსკში ცივი იარაღით მიყენებული 40-მდე ჭრილობით მოკლა 31 წლის ქალი. მკვლელი მსხვერპლებს ქუჩაში ან ავტობუსის გაჩერებებზე იცნობდა და სთავაზობდა მათ საკუთარი ავტომობილით გაყვანას, შემდეგ კი ისეთ ადგილზე მიყავდა, სადაც გარშემო არავინ იყო და კლავდა.

მიხაილ პოპკოვი სამუდამო სასჯელს იხდის 80-ზე მეტი ქალის მკვლელობისთვის. დანაშაული მან ირკუცკის ოლქში 1992-2010 წლებში ჩაიდინა, ხოლო დააკავეს 2012 წელს, ვლადივასტოკში. 1998 წლამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

კომენტარები