დაპირისპირება ენმ-ში

მუმლაძე: ხაბეიშვილი უნდა გადადგეს, 2024 წელს პოლიტსაბჭომ უნდა წარმართოს პარტიის საქმიანობა

გიორგი მუმლაძე
TV პირველი

ენმ-ის წევრმა გიორგი მუმლაძემ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მუმლაძის თქმით, თავად ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებები სურდა, თუმცა ამას სააკაშვილის გათავისუფლების ნაწილში მეტი აქტივობა, ხოლო პარტიის რეიტინგის ზრდაში დადებითი შედეგები არ მოუტანია.

"ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც დაიწყო საუბარი ენმ-ში ცვლილებების აუცილებლობაზე და ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ნაწილში, მეტი აქტივობა და პარტიის რეიტინგის ზრდის კუთხით უნდა ყოფილიყო დადებითი შედეგები. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და მე მაქვს პასუხისმგებლობა, მქონდეს ჩემი შეფასება შექმნილ ვითარებაზე".

გიორგი მუმლაძემ პოლიტსაბჭოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც, როგორც თავად ამბობს, კრიზისის დაძლევის მექანიზმია - "პოლიტსაბჭო აირჩევს, როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობებს და მთელი 2024 წლის განმავლობაში სწორედ პოლიტსაბჭო წარმართავს პარტიის საქმიანობას".

გიორგი მუმლაძის შეფასებით, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს პარტიის კონსოლიდაციას და პარტიის წევრებს შორის ერთიანობის გაზრდას.

"მე ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მას და პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რომ არცერთი პრივილეგია და პარტიული თანამდებობა არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს და პარტია შესუსტდეს. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში გამოსავალია, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოწვეულ იქნას მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება [პოლიტსაბჭო] ახალი ბრძოლისუნარიანი ადამიანებით. სწორედ ის აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობებს და მთელი 2024 წლის განმავლობაში სწორედ პოლიტსაბჭო წარმართავს პარტიის საქმიანობას - ეს იქნება, რეალურად, კრიზისის დაძლევის მექანიზმი. [...] ყველა განაწყენებული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ჰყავს წარმომადგენელი პარტიის მართვაში" - თქვა გიორგი მუმლაძემ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-მ დაწერა, რომ ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის დატოვებაზე ნიკა მელიას საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო.

“მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას” - წერს ენმ. 

პარტიამდე იგივე განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV ფორმულას ეთერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". Მისივე თქმით, “მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი".

რამდენიმე კვირის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს შესთავაზა, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე შეემუშავებინათ მანიფესტი, რომელსაც ერთობლივად მოაწერდნენ ხელს. მისი თქმით, მანიფესტში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ყოფილიყო პარტიული ერთიანობის შეთანხმებაც.

“თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია” - წერდა სააკაშვილი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პარტიის პრინციპებთან, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიასთან ერთად, "მანიფესტი პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული  შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად".

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ე,წ ნიკა მელიას ფლანგს მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია. ბაჩო დოლიძის თქმით, ინდივიდუალურად გადაწყვეტდნენ, ვინ მოაწერდა ხელს "ერთიანობის დოკუმენტს" და ვინ არა. Მისივე შეფასებით, მანიფესტი არ ასახავს არსებულ რეალობას"

“ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?" - თქვა დოლიძემ.

მანიფესტის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ ენმ-ის არჩეული პოლიტსაბჭო ლეგიტიმურია, “მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება”. სააკაშვილმა მათ მოუწოდა, დაბრუნებულიყვნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით.

"ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი” - თქვა სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის “ლეგიტიმურობაზე” მიხეილ სააკაშვილი იქამდეც საუბრობდა და “კატეგორიულად ვერ იზიარებდა ზოგიერთ მოსაზრებას”, რომ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ "პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ".

სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ იმავე დღეს უპასუხა და დაწერა, რომ "თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ".

5 ნოემბერს კი, მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე მხოლოდ “პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე” საუბრობდა, ხოლო ნიკა მელიას "დამსახურებასა და მის შესაძლებლობაზე” მაღალი წარმოდგენისაა. თუმცა, ეს FB-პოსტი მისი გვერდიდან მალევე გაქრა, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და მისმა მომხრეებმა კი განაცხადეს, რომ 3 ნოემბრის გამოსვლაში სააკაშვილი ნამდვილად პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გულისხმობდა.

"სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს ნიკა მელიას არ ეხებოდა” - ამბობდა ხაბეიშვილი.

კომენტარები