კრიმინალი

კონტროლის მიზნით ყოფილ ცოლს რამდენიმე თვე უკანონოდ უსმენდა – 1 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი ცოლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის დეკემბერში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლის და სახლში არსებული ვითარების გაკონტროლების მიზნით, დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში ფარული მისაყურადებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს და მის შვილებს უკანონოდ უსმენდა" - აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები