პარაგვაი

არარსებულ ქვეყანასთან შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის პარაგვაელი მთავრობის მოხელე გადააყენეს

მარცხნივ - გამოგონილი ქვეყნის ლიდერი, მარჯვნივ - პარაგვაის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის უფროსი "კაილაზას შეერთებული შტატების" წარმომადგენლებთან შეთანხმებას აწერს ხელს
სოციალური მედია

პარაგვაელი მთავრობის მოხელე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ინდოელი გურუს მიერ გამოგონილ ქვეყანასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

29 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარაგვაის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის უფროსი არნალდო ჩამორო "კაილაზას შეერთებული შტატების" წარმომადგენლებთან პროკლამაციაზე ხელის მოწერის გამო თანამდებობაზე ჩაანაცვლეს.

"კაილაზას შეერთებული შტატების" გამოგონილ ქვეყანას ინდოეთიდან გამოქცეული გურუ ნითიანანდა ხელმძღვანელობს. მას ინდოეთში რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული, მათ შორის სექსუალურ ძალადობაზეც.

16 ოქტომბერს ხელმოწერილ "პროკლამაციაში" ეწერა, რომ სასურველი და რეკომენდებულია, პარაგვაის მთავრობამ "კაილაზას შეერთებულ შტატებთან" დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს. ამასთანავე, პროკლამაციით არნალდო ჩამორო გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აღნიშნული არარსებული ქვეყნის გაწევრიანებას უჭერდა მხარს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "კაილაზას" წარმომადგენლებმა საერთაშორისო ლიდერები შეცდომაში შეიყვანეს. ინტერნეტში გავრცელებული სურათებიდან ირკვევა, რომ დოკუმენტზე პარაგვაის კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი.

მანამდე, "კაილაზას შეერთებული შტატების" წარმომადგენლებმა გაეროს კომიტეტის სხდომაზე დასწრებაც შეძლეს, ხოლო მარტში აშშ-ს შტატ ნიუ ჯერსიში მდებარე ნიუარკის ქალაქის საკრებულომ აღიარა, რომ არარსებულ კაილაზასთან შეცდომით "დაძმობილებული ქალაქის შეთანხმება" გააფორმეს.

კომენტარები