ფულადი გზავნილები

სებ: ოქტომბერში აშშ-დან ფულადი გზავნილები 39%-ით გაიზარდა, რუსეთიდან - 79%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის ცნობით, ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 43.6%-ით დაიკლო და 283.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.2%-ით 31.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

სებ-ის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ფულადი გზავნილების შემცირება საბაზო ეფექტმა და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებამ განაპირობა.

"ოქტომბერში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 79%-ით, 62 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები (39.2%-ით). ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად (97.6%-ით) გაიზარდა.

კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ოქტომბერში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და თურქეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად 79.0%-ით და 5.5%-ით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. ოქტომბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.3%), რუსეთი (21.8%) და აშშ (14.7%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში" - ნათქვამია მიმოხილვაში.

კომენტარები