ჟურნალისტის მკვლელობა

Reuters: ლიბანში ჟურნალისტი ისამ აბდალა ისრაელის ტანკიდან გახსნილმა ცეცხლმა მოკლა

თურქეთის ქალაქ მარაშში მუშაობისას Reuters-ის ჟურნალისტის, ისამ აბდალას მიერ გადაღებული სელფი, 2023 წლის 11 თებერვალი
REUTERS/Issam Abdallah

Reuters-ი საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ 13 ოქტომბერს სააგენტოს ჟურნალისტი ისამ აბდალა ლიბანის საზღვართან ისრაელის ტანკის მიერ გახსნილმა ცეცხლმა მოკლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, გამოძიების პროცესში ისინი ესაუბრნენ მთავრობისა და უშიშროების 30-ზე მეტ მაღალჩინოსანს, სამხედრო ექსპერტებს, სასამართლო გამომძიებლებს, ადვოკატებს, მედიკოსებსა და მოწმეებს. ამასთან, გააანალიზეს რვა მედიასაშუალების ვიდეოკადრები და თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ გადაღებული, მათ შორის, მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები. როგორც Reuters-ი წერს, მათ ასევე შეძლეს შემთხვევის ადგილიდან მტკიცებულებების მოპოვება.

"მტკიცებულებები, რომლებიც ახლა გვაქვს და დღეს გამოვაქვეყნეთ, აჩვენებს, რომ ჩვენი კოლება ისამ აბდალა ისრაელის სატანკო ეკიპაჟმა მოკლა... ჩვენ ვგმობთ ისამის მკვლელობას. მოვუწოდებთ ისრაელს ახსნას, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო და დასაჯოს ისინი, ვინც მის სიკვდილსა და AFP-ის ჟურნალისტ ქრისტინა ასის, ჩვენი კოლეგების, თაიერ ალ-სუდანის, მაჰერ ნაზეჰისა და კიდევ სამი სხვა ჟურნალისტის დაჭრაზე არიან პასუხისმგებელნი". - თქვა Reuters-ის მთავარმა რედაქტორმა ალესანდრა გალონიმ.

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა, Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა დამოუკიდებელი განცხადებები გაავრცელეს და მომხდარის, როგორც ომის სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მოითხოვეს. ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, განზრახ დაესხნენ თავს.

Reuters-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ისრაელის თავდაცვის ძალებსაც (IDF) წარუდგინეს და კითხეს, იცოდნენ თუ არა ისრაელელმა ჯარისკაცებმა, რომ ჟურნალისტებს ესროდნენ. პასუხად IDF-ის წარმომადგენლის მოკლე კომენტარი მიიღეს, რომ "ჩვენ არ ვუმიზნებთ ჟურნალისტებს".

13 ოქტომბერს სამხრეთ ლიბანში, ისრაელის საზღვრიდან 1 კილომეტრში, სოფელ ალმა ალ-ჩააბთან ჭურვებით განხორციელებულ ორ დარტყმას Reuters-ის 37 წლის ჟურნალისტი, ისამ აბდალა ემსხვერპლა, Agence France-Presse-ის (AFP) ფოტოგრაფი, 28 წლის ქრისტინა ასი კი მძიმედ დაიჭრა.

კომენტარები