რუსეთი

რუსეთში დააკავეს ჩინეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აფეთქებაში ბრალდებული ერთი პირი

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთი-ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქებაში ბრალდებული პირი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბელარუსის მოქალაქეა.

TASS-ის მიხედვით, დაკავებული ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ ის უკრაინის სპეციალური სამსახურების კონტროლის ქვეშ მოქმედებდა. 

 აფეთქება 30 ნოემბრის ღამეს ბურიატიაში ბაიკალი-ამურის რკინიგზაზე, ვლადიმირ ბესოლოვის სახელობის სევერომუისკის გვირაბში მოხდა. 

 Ukrainska Pravda-მ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. წყაროს მტკიცებით, რკინიგზა, რომელიც უკრაინამ ააფეთქა, რუსეთისა და ჩინეთის მთავარი დამაკავშირებელი ხაზია. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი ამ რკინიგზას სამხედრო მომარაგებისთვის იყენებს. როგორც ცნობილია, აფეთქების გამო, რუსეთი-ჩინეთის დამაკავშირებელი ბურიატიის რკინიგზა ახლა პარალიზებულია. 

"ოთხი ასაფეთქებელი საშუალება აფეთქდა სატვირთო მატარებლის გადაადგილებისას. ახლა FSB შემთხვევის ადგილას მუშაობს და რკინიგზის მუშები წარუმატებლად ცდილობენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავდასხმის შედეგების მინიმიზებას" - ამბობს ანონიმური წყარო Ukrainska Pravda-სთან. 

კომენტარები