ქართველი მეზღვაური

რუმინეთში ქართველი მეზღვაური გემიდან გადავარდა და დინებამ გაიტაცა

რუმინეთში ქართველი მეზღვაური გემიდან გადავარდა და დინებამ გაიტაცა. ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 13 დეკემბერს მოხდა და მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. 

"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.

რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს" – ვკითხულობთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები