საქართველო-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

აფრიკული მედია: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის Mi-24-ებს თბილისში გაარემონტებენ

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის Ми-24
 Wikimedia Commons

აფრიკული მედიების, Taarifa-სა და African Intelligence-ის ცნობით, თბილისში თამ მენეჯმენტი (თბილავიამშენი) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის Mi-24-ის ტიპის მოიერიშე ვერტმფრენებს გაარემონტებს. 

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას სურს, რომ ვერტმფრენების რემონტი 2024 წლის მარტისთვის დასრულდეს, რათა მათ M23-ის (23 მარტის მოძრაობა - მეამბოხეთა ჯგუფი კდრ-ში) წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელონ. საუბარია ექვს Mi-24V-ზე.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ტაბულა თბილავიამშენს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Africa Intelligence-ი საკუთარ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ვერტმფრენები თბილავიამშენის ცენტრშია. მედიის წყაროს თქმით, ეს არის ვერტმფრენები, რომლებიც კდრ-მ უკრაინისგან 2010 წელს შეიძინა და აპირებენ მათი საბრძოლო უნარის გაუმჯობესებას.

ამას გარდა, აფრიკულ მედიაში ხაზს უსვამენ, რომ თბილავიამშენის ქარხანაში უკვე განთავსებულია სუხოი Su-25UB-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიც. ამავე ცნობით, ვერტმფრენები თბილისში ანტონოვ Ан-12-ის გადამზიდი თვითმფრინავით ჩამოიტანეს.

აფრიკული მედია წერს, რომ თანამშრომლობის კონტრაქტი გაფორმდა 2023 წლის ივნისში, როცა თამ მენეჯმენტის დირექტორის მოადგილე, მიხეილ როგავა კდრ-ს დედაქალაქ კინშასაში ჩავიდა, რათა ადგილობრივ მთავრობასთან მოლაპარაკებები გაემართა. როგორც Taarifa წერს, კონტრაქტის ღირებულება 16 მილიონი ევროა.

2023 წლის ივნისში მთავარმა არხმა გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელშიც საუბარი იყო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩამოტანილ ზემოხსენებულ Su-25-ებზე. ტელეკომპანია ვარაუდობდა, რომ თვითმფრინავები საწარმოში დასაშლელად გადაჰყავდათ. როგორც აფრიკულ მედიაში წერენ, თბილისში ეს Su-25-ებიც შესაკეთებლადაა განთავსებული.

აქამდე, წარსულში, 1999 წელს კდრ-მ საქართველოსგან თბილავიამშენში აწყობილი 10 ერთეული Su-25 შეიძინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში M23-ის მეამბოხეებმა ჩამოაგდეს მოიერიშე ვერტმფრენი Mi-24, რომლის პილოტებიც საქართველოს ორი მოქალაქე სოსო ოსორაული და ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იყვნენ. ქართველი პილოტები კდრ-ს მხარეს, აჯანყებულთა წინააღმდეგ იბრძოდნენ. ოსორაული მეამბოხეთა ტყვეობაში აღმოჩნდა, თავდაპირველად გამოჩნდა რამდენიმე ვიდეო, რომელშიც ის ფიგურირებდა, თუმცა მომავალში ქართველი პილოტი გაუჩინარდა. შემდეგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაავრცელეს ცნობა, რომ ოსორაული დაღუპული იყო.

რაც შეეხება პლუჟნიკოვს, რომელიც წარსულში ე.წ. ენვერის საქმეში ფიგურირებდა და ამნისტიამდე სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით იყო დაკავებული, მცირე დაზიანება მიიღო და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კივუს პროვინციის დედაქალაქ გომაში მდებარე საავადმყოფოში აღმოჩნდა, რაც ნახსენები იყო ჟურნალისტური საგამოძიებო პროექტი Bellingcat-ის მიერ მომზადებულ მასალაში.

ამას გარდა, Bellingcat-ი წერდა, რომ ამ შემთხვევამდე, სულ მცირე 2014 წლიდან, ქართველი კაცი, დაახლოებით 60 წლამდე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პილოტების წვრთნაში იყო ჩართული. Bellingcat-ის გამოძიება კაცის სახელსა და გვარს არ ასახელებდა.

კომენტარები