ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ახალ აღმოჩენილ გვირაბების ქსელში 5 მძევლის ცხედარი ვიპოვეთ

ისრაელელი ჯარისკაცი ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბის შესასვლელთან
RONEN ZVULUN/Reuters

IDF-ს სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ პრეს ბრიფინგის დროს თქვა, რომ ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაფართოების ფარგლებში ახლად აღმოჩენილ გვირაბების ქსელში 5 მძევლის, მათ შორის 3 სამხედრო პირის, ცხედარი იპოვეს.

"ოპერაციის დროს, მძევლების გათავისუფლების ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენმა ძალებმა იპოვეს შემდეგი მძევლების ცხედრები: უორენტ-ოფიცერი ზივ დადო, სერჟანტი რონ შერმანი, კაპრალი ნიკ ბეიზერი, ედენ ზახარია და ელია ტოლედანო, დაილოცოს მათი ხსოვნა. ისინი ისრაელში დასაკრძალად წავიყვანეთ". - თქვა ჰაგარიმ.

სპიკერმა დაამატა, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად ცხედრები ანალიზისთვის გადააგზავნეს და ინფორმაციას საზოგადოებას ოჯახის თანხმობით მიაწვდიან.

"ცხედრები გადაყვანილია გამოკვლევისთვის პათოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მათი სიკვდილის გარემოება დადასტურდება. ჩვენ განახლებულ ინფორმაციას ოჯახებს მივაწვდით და შემდეგ, ოჯახების თანხმობით, საზოგადოებასაც გავაცნობთ". - თქვა ჰაგარიმ.

ჰაგარის თქმით, გვირაბების ქსელში ასევე იპოვეს იარაღები, იარაღების საწარმოო ინფრასტრუქტურა და საგანგებო თავშესაფრები. მისი განმარტებით, ამ თავშესაფრებიდან რამდენიმე კვირის წინ მოკლული ჰამასის ჩრდილოეთ დანაყოფის მეთაური აჰმედ განდური 7 ოქტომბრის თავდასხმას ხელმძღვანელობდა.

"შტაბ-ბინაში, რომელიც ათობით მეტრით მიწის ქვეშ მდებარეობს, ვიპოვეთ იარაღები, იარაღების საწარმოო ინფრასტრუქტურა, რეალური სახელოსნოები, სადაც იარაღაებს აკეთებენ, და საგანგებო თავშესაფრები, საიდანაც ჩრდილოეთ დანაყოფის მეთაური, აჰმედ განდური, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმას ხელმძღვანელობდა". - თქვა ჰაგარიმ. 

IDF-ს სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ტერორისტები გვირაბებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საფუძველზე აშენებს და იყენებს. მისივე თქმით, ახალაღმოჩენილი გვირაბების ქსელი ჯაბალიაში ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ახლოს საავადმყოფოსა და სკოლის ქვეშ იყო აშენებული. 

"ეს გვირაბების ქსელი გათხრილი იყო საავადმყოფოსა და სკოლის ქვეშ, ჯაბალიას არეში ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ახლოს. ჰამასი სამოქალაქო ადგილებიდან ოპერირებს და მათ ტერორისტული ქმედებებისთვის ფარებად იყენებს. ეს არის ძალიან რთული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ვუმკლავდებით". - თქვა ჰაგარიმ. 

კომენტარები